საქმიანობა

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. მისი დამფუძნებელი პარტნიორია სახელმწიფო, რომლის უფლებამოსილებებსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს. შესაბამისად, შპს „ენგურჰესის“ 100%-იანი წილის მფლობელია საქართველოს სახელმწიფო.

 

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის საქმიანობის ძირითად საგანს ელექტროენერგიის წარმოება და რეალიზაცია წარმოადგენს. ამჟამად სადგური საიმედოდ და გამართულად მუშაობს. მისი წილი ქვეყნის საერთო ელექტრომომარაგების 35%-ზე მეტს შეადგენს. თავისი არსებობის 42 წლის მანძილზე ენგურჰესმა 120 მილიარდ კვტ.სთ- ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. 2015 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი  მიენიჭა.

 

ენგურჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ენგურჰესის გარეშე საქართველოს ენერგოსისტემა ვერ იფუნქციონირებს და თუ იფუნქციონირებს, ეს უზარმაზარ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ენგურჰესი თავის მხრივ უნიკალური ნაგებობაა, რადგან ამ მასშტაბის ელექტროსადგური საქართველოში ვეღარ აშენდება. ამის მიზეზი კი, სულ ცოტა, შესაბამისი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების არ არსებობაა. 

 

ენგურჰესს უდიდესი ენერგეტიკული მნიშვნელობის გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი დატვირთვა აქვს. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ქართველები და აფხაზები ერთსულოვნად თანამშრომლობენ, რადგან სადგურის ერთობლივი ექსპლუატაციის მნიშვნელობა ორივე მხარეს კარგად აქვს გააზრებული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ენგურჰესი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის ბაზისია.  სწორედ მის ურყეობასა და სრულ სამუშაო რეჟიმში მოყვანაზეა დაფუძნებული ქვეყნის ენერგოსიტემის გამართული მუშაობა და ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი.

 

ტექნიკური მაჩვენებლები:

 

ენგურჰესი

 

ჯამური სიმძლავრე – 1300 მვტ
აგრეგატების რაოდებობა – 5
წლიური საპროექტო გამომუშავება – 4.3 მლრდ კვტ.სთ
მაქსიმალური დაწნევა – 404 მ
საექსპლუატაციოდ გადაცემის თარიღი – 1978 წელი

ენგურჰესმა 1978 წლიდან დღემდე 120 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.

 

ვარდნილჰესების კასკადი:


ვარდნილჰესი I

 

ჯამური სიმძლავრე – 220 მვტ
აგრეგატების რაოდენობა – 3
წლიური საპროექტო გამომუშავება – 700 მლნ კვტ.სთ
საექსპლუატაციოდ გადაცემის თარიღი – 1970 წელი

 

ვარდნილჰესი – II, III, IV

 

ჯამური სიმძლავრე – 120 მვტ
აგრეგატების რაოდენობა – 6
წლიური საპროექტო გამომუშავება – 390 ათასი კვტ.სთ
მაქსიმალური დაწნევა – 11მ
საექსპლუატაციოდ გადაცემის თარიღი – 1971 წელი.

 

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის სარეკორდო მაჩვენებლები:


მაქსიმალური დღეღამური გამომუშავება: 26,3 მილიონი კვტ.სთ (ივლისი, 2018). 
მაქსიმალური თვიური გამომუშავება: 739,7 მილიონი კვტ.სთ (ივლისი, 2018).
მაქსიმალური წლიური  გამომუშავება: 4,3 მილიარდი კვტ.სთ (2010). 

საქმიანობა