საექსპორტო ელექტროენერგიის სომხეთში რეალიზაციის მიზნით, შპს,,ენგურჰესი“ კონკურსს აცხადებს

I.    საექსპორტო ელექტროენერგიის მიწოდების ზოგადი პირობები

 

1.   შპს ,,ენგურჰესის“ მიერ წარმოებული და 2020 წლის ივნისის თვის განმავლობაში საპროგნოზო საექსპორტო ელექტროენერგიის მოცულობა ბაზისურად 70 მეგავატს შეადგენს.


2. მიმწოდებლის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება სალტეზე (მიწოდების პუნქტი). ელექტროენერგიაზე საკუთრების უფლება მყიდველზე გადადის მიწოდების პუნქტში ელექტროენერგიის მიწოდების მომენტიდან.


3. საანგარიშო თვის ელექტროენერგიის მიწოდების  საპროგნოზო გრაფიკი ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელშეკრულებასთან ერთად დამტკიცდება, ხოლო ყოველგვარი ცვლილება ან დამატება გრაფიკში შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე უნდა შეთანხმდეს.


4. საანგარიშო თვის გრაფიკმა თვის დაწყებამდე ან თვის მიმდინარეობის პერიოდში, მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ასევე სხვა ფორს-მაჟორული გარემოებებიდან (მათ შორის წყლის საპროგნოზო შემოდინების ნაკლებობა, საქართველოს ან სომხეთის ენერგოსისტემის ტექნიკური ოპერატორის მოთხოვნა, საქართველოს ან სომხეთის გადამცემი ქსელის დაზიანება,  სასისტემო ავარიის ან სხვა ობიექტური გარემოება) გამომდინარე, შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე საანგარიშო პერიოდის (თვის) განმავლობაში მნიშვნელოვანი კორექტირება განიცადოს. აღნიშნული გარემოებ(ებ)ის არსებობა გამორიცხავს გამყიდველის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.


5.    სისტემის ტექნიკური  ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში (მათ შორის ოპერატიული მოთხოვნის დროს) საექსპორტო ელექტროენერგიის მიწოდების  დროებით შეწყვეტა (შეფერხება) უნდა ეცნობოს შემსყიდველს მათი დადგომიდან  არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში. აღნიშნული გარემოებ(ებ)ის არსებობა გამორიცხავს გამყიდველის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
________________________________________
 
 

II. კომერციული წინადადების წარდგენის პირობები


1. პრეტენდენტმა, წინამდებარე წესების მე-3 პუნქტში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოგზავნოს შესასყიდი ელექტროენერგიის ერთი კვტ.სთ-ის ღირებულების შესახებ კომერციული წინადადება (თეთრებში, მეასედამდე დამრგვალებით) ქართულ ენაზე.


2. პრეტენდენტმა ელექტროენერგიის ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების პირობებით უნდა წარმოადგინოს შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულების ოდენობის უპირობო და გამოუხმობი  საბანკო გარანტია, გაცემული საქართველოში მოქმედი ლიცენზირებული ბანკის მიერ, რომლის მოქმედების ვადა ხელშეკრულების მოქმედების ვადას 40 დღით უნდა აღემატებოდეს. 


3. პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციას პრეტენდენტი წარადგენს შპს ,,ენგურჰესის“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.engurhesi.ge გამოქვეყნების დღიდან არაუგვიანეს 2020 წლის 3 ივნისის  15.00  საათამდე (საქართველოს დროით), წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადებები არ ჩაითვლება მიღებულად და, შესაბამისად, არ განიხილება. წინადადება უნდა გამოიგზავნო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@engurhesi.ge
________________________________________
 
 

III. კომერციული წინადადების შეფასების პირობები

1.    გამარჯვებულად ჩაითვლება პრეტენდენტი, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს ფასს. თანაბარი ფასების შემთხვევაში, უპირატესობა უმაღლესი ფასის პირველ წარმომდგენ პრეტენდენტს მიენიჭება.

 

2.    შპს „ენგურჰესი“ იტოვეს უფლებას, არ გააფორმოს ელექტროენერგიის ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულება, თუკი მისთვის მიუღებელია გამარჯვებული პრეტენდენტის მერ შემოთავაზებული ფასი. შესაბამისად, კონკურსის ნებისმიერი შედეგი ცხადდება გაუქმებულად და კონკურსის მიმდინარეობას შპს „ენგურჰესისთვის“ არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება, რაც შესაბამისად  მის მიმართ ნებისმიერი სახის პრეტენზიის წარდგენას გამორიცხავს.
________________________________________
 
 

IV. ხელშეკრულების ზოგადი პირობები


1. ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეკრულების პირობებს, ცალმხრივად განსაზღვრავს შპს „ენგურჰესი“.


2. ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეკრულების სავალდებულო პირობაა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“  145 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ,,Take or Pay“ პირობა, რაც გულისხმობს მხარეთა მიერ საანგარიშო თვის (თვეების) ელექტროენერგიის მიწოდების კალენდარული გეგმა-გრაფიკის საბოლოო სახით დამტკიცების შემთხვევაში, მყიდველის მიერ, მისი ბრალით ელექტროენერგიის სრული მოცულობით არ შესყიდვის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია  მხარეთა მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ გრაფიკში განსაზღვრული ელექტროენერგიის მოცულობის სრული ღირებულება აანაზღაუროს.


3. ელექტროენერგიის ექსპორტის პირდაპირი ხელშეკრულების მარეგულირებელ სამართალს წარმოადგენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო დავის განმხილველ ორგანოს საქართველოს სასამართლო. გამარჯვებული პრეტენდენტი უპირობოდ აცხადებს უარს აღნიშნული პირობის რაიმე ფორმით ბათილობის მოთხოვნის ან/და სხვა ნებისმიერი სახით გაპროტესტების უფლების გამოყენებაზე. საქართველოს სასამართლოებს გააჩნიათ გამომრიცხავი (ექსკლუზიური) ხასიათის განსჯადობა წინამდებარე განცხადებიდან და შემდგომ გაფორმებული ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მასთან (მათთან) დაკავშირებულ (მისგან/მათგან წარმოშობილ) დავასთან. წინამდებარე დოკუმენტთან, ასევე შემდგომ გაფორმებულ ექსპორტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახით დავა უნდა გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სხვა ნებისმიერი (დანარჩენი) ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) გამორიცხვით. მხარეები ადასტურებენ, რომ საქართველოს სასამართლოები არიან კოპეტენტურნი და ამ პუნქტით გათვალისწინებული დათქმის საწინააღმდეგო მოქმედება ჩაითვლება შესაბამისი ვალდებულების დარღვევად და დამრღვევ მხარეს დაეკისრება ჯარიმა 100 000 აშშ დოლარის ოდენობით.